ბლეიზ მეტრეველი პუტინს აფრთხილებს, რომ უკრაინის მიმართ ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელი, ბლეიზ მეტრეველი თავის პირველ გამოსვლაში „რუსეთის მხრიდან მწვავე საფრთხეზე“ ილაპარაკებს.

BBC-ის ცნობით, ის ყურადღებას გაამახვილებს ე.წ. ჰიბრიდულ ომზე, რაც მოიცავს ისეთ ინციდენტებს, როგორებიცაა კიბერშეტევები და დრონები, რომლებსაც რუსული ძალები კრიტიკული ინფრასტრუქტურის მახლობლად უშვებს.

ბლეიზ მეტრეველი ამას აღწერს, როგორც „მწვავე საფრთხეს, რომელიც აგრესიული, ექსპანსიონისტური და რევიზიონისტული რუსეთის მხრიდან მომდინარეობს“.

რაც შეეხება რუსეთის ომს უკრაინაში, ბლეიზ მეტრეველი აპირებს, თქვას, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ზეწოლას ვლადიმირ პუტინზე უკრაინის სასარგებლოდ.

„ვლადიმირ პუტინი ეჭვს ნუ შეიტანს, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია. უკრაინის სახელით ჩვენ მიერ განხორციელებული ზეწოლა უცვლელი დარჩება“, – ნათქვამია მისი სიტყვით გამოსვლის წინასწარ გავრცელებულ ჩანაწერებში.

ბელიზ მეტრეველმა საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა 1 ოქტომბრიდან დაიკავა.

მეტრეველი სიტყვით დღეს, 15 დეკემბერს გამოვა.

BBC-ის თანახმად, სიტყვით გამოსვლისას ის ყურადღებას ასევე გაამახვილებს სანქცირებულ რუსულ და ჩინურ კომპანიებზე. მათ სანქციები დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერაქტივობებისთვის დაუწესდათ.