ბლეიზ მეტრეველი: რუსეთის გამო ვმოქმედებთ ნაცრისფერ სივრცეში მშვიდობასა და ომს შორის

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელმა, ბლეიზ მეტრეველმა თავის პირველ სიტყვით გამოსვლაში თქვა, რომ „ქვეყანა მოქმედებს მშვიდობასა და ომს შორის სივრცეში“. მან ისაუბრა „უსაფრთხოების გამოწვევების ერთმანეთთან გადაჯაჭვულ ქსელზე“, რომელთა გადაჭრაზეც სამსახური მუშაობს.

ბლეიზ მეტრეველის სიტყვით გამოსვლა რუსეთსა და რუსეთის მხრიდან შექმნილ მრავალმხრივ საფრთხეს შეეხო, რომელიც, მისი თქმით, „ნაცრისფერ ზონაში გვცდის ტაქტიკით, რომელიც ომის ზღვარს ოდნავ ქვემოთაა“. ამის მაგალითებად მან ახსენა აეროპორტებსა და საჰაერო ბაზების თავზე დრონებს გამოჩენის შემთხვევები და კიბერშეტევები ინფრასტრუქტურაზე.

„მნიშვნელოვანია, გვესმოდეს მათი მცდელობები ბულინგის, შიშის დათესვისა და მანიპულირების თვალსაზრისით, რადგან ეს ყველას გვეხება“, – თქვა მან.

ინფორმაციული ომის წარმოებაში ბრალდებული რუსულ სუბიექტების ბოლოდროინდელი სანქციების შესახებ ლაპარაკისას მეტრეველმა თქვა: „ქაოსის ექსპორტი რუსული მიდგომის მახასიათებელია და არა ხარვეზი“.

მან უკრაინაში ომზე ლაპარაკისას ხაზი გაუსვა „აგრესიული, ექსპანსიონისტური და რევიზიონისტული რუსეთის საფრთხეს“ და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის სახელით გააგრძელებს ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე.

ბლეიზ მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობს. თანამდებობა მან 1 ოქტომბერს დაიკავა.

BBC აღნიშნავს, რომ დასავლურმა სანქციებმა, რა თქმა უნდა, მიაყენა ზიანი რუსეთის ეკონომიკას, რის გამოც ის იძულებული გახდა, თავისი ექსპორტი ჩინეთისა და ინდოეთისკენ მიემართა. თუმცა, სანქციებმა ვერ შეცვალა პუტინის გადაწყვეტილება, აწარმოოს ომი უკრაინაში.

ბლეიზ მეტრეველი ამბობს, რომ „21-ე საუკუნის გამოწვევაა არა ის, თუ ვინ ფლობს ყველაზე ძლიერ ტექნოლოგიებს, არამედ ის, თუ ვინ მართავს მას უდიდესი სიბრძნით“.

„ძალაუფლება თავისთავად უფრო დიფუზური და არაპროგნოზირებადი ხდება, რადგან ამ ტექნოლოგიებზე კონტროლი სახელმწიფოებიდან კორპორაციებზე და ზოგჯერ ინდივიდებზე გადადის“, – თქვა მან.

მეტრეველისვე განცხადებით, რუსეთის მიერ წარმოქმნილ საფრთხეზე რეაგირება გულისხმობს ტექნოლოგიებისა და მათი გაგების დანერგვას MI6-ის ყველა საქმიანობაში და ნათლად განმარტავს, რომ ინტერესის განსაკუთრებული სფერო ახალი ტექნოლოგიების შესწავლაა.

მეტრეველმა თქვა:

„ჩვენ კვლავ ვდგავართ აგრესიული, ექსპანსიონისტური და რევიზიონისტული რუსეთის საფრთხის წინაშე, რომელიც ცდილობს უკრაინის დამორჩილებას და NATO-ს შევიწროებას. ჩემთვის შემზარავია, რომ ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და ყოველდღიურად იზრდება პუტინის მიერ ისტორიის დამახინჯებისა და პატივისცემის მოპოვების სურვილის გამო. ის აჭიანურებს მოლაპარაკებებს და ომის სიმძიმეს თავის მოსახლეობას აკისრებს.

მაგრამ პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: ჩვენი მხარდაჭერა ურყევია.

გამომფიტავი ომის პარალელურად რუსეთი ნაცრისფერ ზონაში გვცდის ტაქტიკებით, რომელიც ომის ზღვარს ოდნავ ქვემოთაა. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს მათი მცდელობები ბულინგის, შიშის დათესვისა და მანიპულირების მიმართულებით, რადგან ეს ყველას გვეხება.

ვგულისხმობ კიბერთავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, დრონებს აეროპორტებში, აგრესიულ ქმედებებს ჩვენს წყლებში, როგორც ზედაპირზე, ისე სიღრმეში. სახელმწიფოს მართულ საბოტაჟს და განზრახ გამოწვეულ ხანძრებს, პროპაგანდასა და გავლენის ოპერაციებს, რომლებიც აღრმავებენ და სათავისოდ იყენებენ საზოგადოებაში არსებულ ბზარებს.

ქაოსის ექსპორტი რუსული მიდგომის მახასიათებელია და არა ხარვეზი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ გავაგრძელოთ, სანამ პუტინი იძულებული არ იქნება, შეცვალოს თავისი გათვლები“.