„ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ 2018-2019 წლებში თანამშრომლებზე ბონუსის სახით 1.1 მლნ ლარი გასცა - IDFI

პუბლიკა

ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სახელმწიფო კომპანიების საკადრო და სახელფასო პოლიტიკა გააანალიზა.

ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო კომპანიებში არსებული ფინანსური პრობლემების მიუხედავად, საწარმოთა ყველა დარგის მიხედვით, შენარჩუნებულია თანამშრომელთა დასაქმების მზარდი ტენდენცია.

2019 წელს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა შეადგინა 237 მილიონი ლარი, 2018 წელს – 816 მილიონი ლარი.  მიუხედავად ამისა, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, თანამშრომელთა რიცხოვნობა გაზრდილია დაახლოებით 2%-ით (+575 თანამშრომელი). ასევე, 2019 წელს 14 სახელმწიფო კომპანიის  თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 428 მილიონ ლარს, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (392 მილიონი).

კვლევის მიგნებებში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიის მიმღები ცალკეული კომპანიები თანამშრომლებზე გასცემენ ბონუსებს. მაგალითად, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“  2018-2019 წლებში ბონუსის სახით გასცა 1.1 მილიონი ლარი (2019 – 315 ათასი, 2018 – 759 ათასი).

კვლევის მიგნებაა ისიც, რომ 11 სახელმწიფო კომპანიის მენეჯმენტის ანაზღაურებამ 2019 წელს 9.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 15%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (8.3 მილიონი).

ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ ცალკეული სახელმწიფო კომპანიების ხელძღვანელის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში არ არის ასახული მათ მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.

მაგალითად, შპს „ბლექს სი არენა ჯორჯიას“ დირექტორის, ტარიელ ხარჩილავას მიერ 2020 წელს და 2019 წელს შევსებულ დეკლარაციებში არ არის მითითებული მის მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მიუხედავად კომპანიის ფინანსური შედეგებისა, გამოირჩევიან მაღალი შრომის ანაზღაურებით. ამასთან, IDFI მიიჩნევს, რომ ფინანსურ ანგარიშებში ასახული შრომის ანაზღაურების  ჯამური მონაცემები და ხელმძღვანელი პირების დეკლარირებულ შემოსავლები, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელმწიფო კომპანიებში სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების მასშტაბებს და მის უარყოფით გავლენას კომპანიის ფინანსურ შედეგებზე.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.