ბლინკენი: ისრაელი ეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, ახლა ჰამასის ჯერია

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელი ეთანხმება აშშ-ის გეგმას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გათავისუფლებს შესახებ. ბლინკენის თქმით, ახლა ჰამასის ჯერია.

როგორც ბლინკენმა განაცხადა, ცეცხლის გრძელვადიანად შეწყვეტის წინადადება „ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებსაც წარმოადგენს და ღაზის მოსახლეობის ყოველდღიურ საშინელ ტანჯვასაც შეამსუბუქებს“.

ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა – შეხვედრა ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა.

ისრაელის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შემდგომი მოლაპარაკებებისთვის ეგვიპტესა და კატარში წავა.

დიპლომატები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელს გახდის, შეაკავოს ირანი და ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელზე თავდასხმისგან, ვინაიდან ისინი ისრაელს ადანაშაულებენ 2 უმაღლესი სამხედრო პირის მკვლელობაში.

თუმცა, როგორც ენტონი ბლინკენმა დასძინა, ჰამასი წინადადებას რომც დაეთანხმოს, მოლაპარაკებლები მომდევნო დღეებს „შეთანხმების შესრულების მკაფიო გაგებას“ დაუთმობენ.

მისი თქმით, ჯერაც არის „კომპლექსური საკითხები, რომლებიც ლიდერების მხრიდან რთულ გადაწყვეტილებებს საჭიროებენ”. ბლინკენს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ამაში.