აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, აზრა ზეია თბილისსა და ერევანში ჩამოვა.
საქართველოსა და სომხეთში ის შეხვედრებს გამართავს და ისაუბრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციის, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის შესახებ.
საქართველოში აზრა ზეია შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის კანონთან” და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის რისკის ქვეშ დაყენება.
„ის გაიმეორებს, რომ საქართველოს მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და დეზინფორმაციამ შეერთებული შტატების შესახებ დააზიანა ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ასევე ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქართველი ხალხის ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოსთვის 32 წლიანი პარტნიორობის მხარდაჭერას.
გარდა ამისა, ის გაიმეორებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, გააძლიერებს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების დაცვას და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს. მდივნის მოადგილე ასევე ეწვევა სათემო ორგანიზაციას, რომელიც დაარსებულია რუსეთის მიერ საქართველოს მუდმივი ოკუპაციის შედეგად დევნილი ქალების მიერ”,- აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
რაც შეეხება სომხეთს – აქ აზრა ზეია შეხვდება მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ისაუბრებს აშშ-სომხეთის პარტნიორობის განმტკიცებისა და სომხეთის დემოკრატიული მიღწევების წინსვლის შესახებ კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმების მიმართულებით.
აზრა ზეიას ვიზიტი საქართველოსა და სომხეთში დღეს დაიწყება და 17 ივლისამდე გაგრძელდება.