ბლინკენის თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გაცვლაზე შეთანხმებას უახლოვდებიან

პუბლიკა

ოთხშაბათს ენტონი ბლინკენმა ღაზაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმებას უახლოვდებიან. მოლაპარაკებები ეხება ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას.

„ვფიქრობ, რომ შეთანხმება სავსებით შესაძლებელია. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ კატართან, ეგვიპტესთან, ისრაელთან ერთად, რათა ძლიერი შეთავაზება დაგვედო. ეს მოვახერხეთ, ჰამასი არ გვთანხმდებოდა და ახალი მოთხოვნებით მოდიოდა. მაგრამ მომლაპარაკებლები ამაზე მუშაობენ”, – განაცხადა მან.

დღეს ბლინკენი სამუშაო ვიზიტით ეგვიპტეში გაემგზავრება და ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს – მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ომის დასრულების შემდეგ რა იქნება „ღაზის მთავრობასთან დაკავშირებით”. ეგვიპტეში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი პარასკევს ისრაელს ეწვევა.