Bloomberg: სინგაპურის სასამართლომ $282 მლნ-ით შეამცირა ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა 

პუბლიკა

შვეიცარიულ კომპანია UBS Group AG, რომელმაც Credit Suisse შეიძინა, აცხადებს, რომ სინგაპურის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან დავაში, ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა 282 მილიონი აშშ დოლარით შეუმცირა.

ახლა სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილისთვის კომპანია UBS Group AG-ს 743 მილიონი აშშ დოლარის ნაცვლად 461 მილიონი აშშ დოლარი აქვს გადასახდელი.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განახლებული გადაწყვეტილება მოიცავს ხარჯებსა და პროცენტებს.

ერთი თვის წინ, 2024 წლის 29 სექტემბერს „ბლუმბერგი” წერდა, რომ სინგაპურის სასამართლომ „კრედიტ სუისის“ ერთეულ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ $742.7 მილიონის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს მიერ 2023 წლის მაისში დაკისრებული 926 მილიონი დოლარი გადაიხედა, რადგან იმ დროს სასამართლომ განაცხადა, რომ ორმაგი გადაფარვის თავიდან ასაცილებლად თანხა შემცირდებოდა.

ბერმუდას სასამართლომ კომპანიას 2022 წელს ივანიშვილის ზიანის ასანაზღაურებლად 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება შვეიცარიულ ბანკს ამ შემთხვევაშიც გასაჩივრებული აქვს.

საქმე ეხება ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის საქმეს, რომელიც 2018 წელს თაღლითური სქემისთვის გასამართლდა. სქემის მიხედვით, მან ივანიშვილის ანგარიშებიდან თანხა მოიპარა.

ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან” 21 ოქტომბრის ინტერვიუში თქვა, რომ სწორედ სინგაპურის სასამართლოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ესაუბრა აშშ-ის ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს.

„როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა „კრედიტ სუისმა“, მე მყისიერად, – წინა კვირაში უკვე, – დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად, ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც ძალიან ჯანსაღი რეაქცია იყო, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას“, – თქვა ივანიშვილმა 21 ოქტომბერს.