BMG-ის რედაქტორმა შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის შესასწავლად ომბუდსმენს მიმართა

პუბლიკა

BMG-ის ჟურნალისტმა თელარა გელანტიამ მთავრობის მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართა, – ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათ სამართლებროვ დახმარებას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) უწევს.

თელარა გელანტია 12 სექტემბერს მთავრობის სხდომის გასაშუქებლად არ დაუშვეს.

BMG წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციას უარი არ უთქვამს ოპერატორის შეშვებაზე და როგორც მათ განემარტათ, აკრძალვა მიემართება მხოლოდ პერსონალურად თელარა გელანტიას და არა ზოგადად ტელევიზიას.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო და დისკრიმინაციულია და იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ, თანასწორობის ძირითად უფლებასთან და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

„საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, დისკრიმინაციულია განმცხადებლის, როგორც ინდივიდუალური ჟურნალისტის, მიმართ და, მეორე მხრივ, შეიცავს საფრთხეს ინფორმირებული და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. კერძოდ, დასაბუთებული და კრიტიკული სიუჟეტების მომზადების გამო ჟურნალისტის დისკრიმინაციამ შესაძლოა მსუსხავი ეფექტი იქონიოს სხვა ჟურნალისტთა საქმიანობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ დისკრიმინაციულ მოპყრობას იყენებს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ფაქტი თავისთავად ქმნის სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ მიბაძვის საფრთხეს, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში“, – აცხადებენ IDFI-ში.