ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე BM.ge-სთან ადასტურებს, რომ „ლიბერთი ბანკის” გაყიდვა უნდა, ამასთან, არ გამორიცხავს სხვა ბანკის შეძენას.
რუხაძემ გამოცემას უთხრა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც „ბაზისბანკთან“, ისე სხვა ბიზნეს-ჯგუფებთან. ამასთან, ის არც სხვა, “პატარა ბანკის” შეძენას არ გამორიცხავს.
„მოლაპარაკებებს ვადასტურებ, მაგრამ არსად ახლოს არ ვართ გარიგებასთან. „ბაზისბანკთან“ მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ორი წლის წინაც ვესაუბრებოდით. გიდასტურებთ. ველაპარაკები „ბაზისბანკს“ და კიდევ ორ სხვა კომპანიას. სამი წლის განმავლობაში „ბაზისბანკს“ უკვე მეორედ ველაპარაკებით. ამიტომ არაფერთან ახლოს არ ვართ, გარდა იმისა, რომ მთელმა თბილისმა დაიწყო ამაზე საუბარი. თუ რამესთან ახლოს მივედით, განცხადებას გავაკეთებთ. როგორც იცით, ჩვენ [კომპანია „ჰანიველ პარტნერსი”] ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია და 5 წლის შემდეგ ინვესტიციის გაკეთებიდან ჩვენი აქტივები ბაზარზე გამოგვაქვს. ამიტომ „ბაზისბანკსაც“ ველაპარაკები და სხვასაც; არ მინდა ახლა დასახელება, მაგრამ კიდევ ორი ჯგუფია, რომელიც „ლიბერთის“ შეძენაზე გვესაუბრება”. – უთხრა ირაკლი რუხაძემ bm.ge-ს.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ამ ეტაპზე „ჰანიველს” „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა სურს, რუხაძე პასუხობს:
„ამ ეტაპზეც მსურს, შარშანაც და შარშანწინაც მსურდა და ორი წლის მერეც გვენდომება”.
„ლიბერთი ბანკი” საქართველოში აქტივების ზომით სიდიდით მესამე ბანკია.
ბანკის უახლესი ფინანსური მონაცემებით, მისი მფლობელები არიან “ჰანიველ პარტნერსის” დამფუძნებლები ირაკლი რუხაძე (31.4%), ბენჯამენ მარსონი (31.4%) და იგორ ალექსეევი (31.4%).