ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას შეხვდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლზე და ამ მხრივ განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი. საქართველო მიესალმა აშშ-ის აქტიურ ჩართულობას რეგიონში.

…მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია უწყების რელიზში.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ოპოზიციის ლიდერებთან.

მათივე ცნობით, დელეგაცია ეწვევა წეროვანში დევნილთა დასახლებასაც, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას.