„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის გადადებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განმარტება გააკეთა.
წამყვანის შეკითხვაზე, რა დასახელდა დიალოგის გადადების საბოლოო მიზეზად, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საუბარი იყო ქართული დელეგაციის შემადგენლობაზე.
ბოჭორიშვილის თქმით, დელეგაცია სამუშაო საკითხებიდან გამომდინარე დაკომპლექტდა.
„არ დავმალავ, საუბარი იყო დელეგაციის შემადგენლობაზე. ქართული დელეგაციის შემადგენლობას ვერ განსაზღვრავს ვერავინ სხვა, თუ არა ქართული მხარე.
რა თქმა უნდა, ესაა ჩვენი პრეროგატივა. საკითხებიდან გამომდინარე, რა საკითხები არის და იყო დღის წესრიგში ევროკავშირის მხრიდან, იმ საკითხებზე შესაბამისი უწყებების პასუხისმგებელი პირები განისაზღვრა და ბუნებრივია, დელეგაცია შედგა სწორედ ამ დღის წესრიგიდან გამომდინარე და არა ჩვენი შედგენილი დღის წესრიგით.
რამე მინიშნებები დელეგაციის არასწორად შედგენაზე, დელეგაციის არასწორად დაკომპლექტებაზე უსაფუძვლოა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილი ასევე გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომ პრობლემა დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ეს პირი შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეა.
ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის სანქციები საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ აქვს დაწესებული, დარახველიძისთვის დაწესებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინდივიდუალური სანქციებს კი „მნიშვნელობა არ აქვს“.
„თითქოს გაჟღერდა, რომ დელეგაციაში იყო სანქცირებული პირი, არ არის საქართველოს არც ერთი მოქალაქე ევროკავშირის მხრიდან სანქცირებული.
ჩვენ აქ ვსაუბრობთ ევროკავშირი-საქართველოს დიალოგზე, რა მნიშვნელობა აქვს [რომ ალექსანდრე დარახველიძეს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის სანქციები აქვს დაწესებული], იმიტომაა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა ერთსულოვანი, იმიტომ სჭირდება ყველა ქვეყნის თანხმობა, რომ ეს უნდა იყოს, ეს უნდა ამოძრავებდეს ბრიუსელს თავის გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, მოსთხოვეს თუ არა ქართულ მხარეს დელეგაციიდან ალექსანდრე დარახველიძის სახელის ამოღება, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ „შეიძლება, მინიშნებები იყო დელეგაციასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი კონკრეტული მოთხოვნა ვერ იქნებოდა“.
18 ნოემბერს ონლაინგამოცემა „რეალპოლიტიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირისა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, გაუქმების გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ხელისუფლების მიერ დელეგაციის შემადგენლობაში სანქცირებული პირების ჩასმის მცდელობა.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც სანქცირებულია და რომლის დელეგაციაში ყოფნის გამოც გადაიდო შეხვედრა, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.