ბოჭორიშვილი: რეორგანიზაციის და რეფორმის მიზანი არანაირად არ არის არც რეპრესიები და არც არავის დასჯა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტრუქტურაში დგაგემილ რეორგანიზაციასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

ბოჭორიშვილის თქმით, ამის მიზანი რეპრესიები არ ყოფილა, თუმცა, მისი შეფასებით, 28 ნოემბრის შემდეგ გავრცელებულ პეტიციაზე ხელმოწერები გამოწვევა იყო. ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ეს არ გახდება თანამშრომელთა გათავისუფლების საფუძველი, თუმცა უნდა შეფასდეს არსებული გამოწვევები.

„ამ რეორგანიზაციის და რეფორმის მიზანი არანაირად არ არის არც რეპრესიები და არც არავის დასჯა, ამის ფუფუნებაც არ გვაქვს, რომ ჩვენ ასეთი სადამსჯელო ოპერაციები ჩავატაროთ და არც საჭიროება არაა.

თუმცა ძალიან ბევრი რამ დავინახეთ და რომ ვთქვათ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ იმ გამოწვევებზე, რაც საჯარო სამსახურის წინაშე დგას, მით უმეტეს, დიპლომატიური სამსახურის წინაშე, არასწორი იქნებოდა.

უნდა შევაფასოთ, კი, არის გამოწვევები, ახსენეთ პეტიცია და პეტიციაზე ხელმოწერა არის გამოწვევა, იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად გარედან მართული პროცესი, რომელიც მიმართული იყო ძალიან მიზანმიმართულად სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისკენ. პირველი შეტევა განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროზე და ამიტომაც მოხდა, რომ ყველაზე დიდი დაზარალებული უწყება აღმოჩნდა საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჩვენ თვალები დავხუჭოთ და არ შევაფასოთ, ის რაც მოხდა და რაც მოხდა, არასწორი იქნება. [მაგრამ ეს არ ნიშნავს ამ ადამიანების გათავისუფლებას] ჩვენ უნდა კარგად შევაფასოთ, სადაა გამოწვევები, რასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის უწყებაა საგარეო საქმეთა სამინისტრო და გადავდგათ ნაბიჯები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.


2025 წლის 1 მაისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უწყებაში რეორგანიზაციას იწყებს.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებაც მიიღო.

ცვლილებით გაიწერა „სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულება დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე”; „ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა“. ამ წესების დარღვევა თანამდებობიდან ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძველი შეიძლება გახდეს.

რეორგანიზაციის გეგმით, სამინისტროს ცნობით, „შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს”.

რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „ოცნების“ ოპონენტებმა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ შესაძლოა, გაათავისუფლონ ის ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს 28 ნოემბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებას.

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საჯარო სამსახურებიდან 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა სწორედ ასეთ განცხადებაზე ხელმომწერია.