ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე 42 პაციენტი მკურნალობს. აქედან 22-ს დადასტურებული აქვს Covid 19-ის ინფექცია.
მისი თქმით, კლინიკაში ბოლნისიდან გადაყვანილი 2 ახალი პაციენტი მკურნალობს, რომლებსაც დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსული ინფექცია.
„ბოჭორიშვილის კლინიკაში 22 პაციენტიდან 2 არის ახალი, გადმოყვანილია მარნეულიდან, არიან მოზრდილები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვაქვს 2 გამოჯანმრთელება, ასევე 2 მოზრდილის გამოჯანმრთელება, რომლებიც კლინიკიდან უკვე გაეწერნენ. კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 6 პაციენტია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მისი თქმით, საყურადღებოა 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 8 პაციენტი ამ ეტაპზე ემზადება კვლევაში ჩასართავად და ვირუსზე მათი ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა. მონაცემები ცოტა ხნის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 431;
- აქედან, გამოჯანმრთელებული – 114;
- გარდაცვლილი – 5;
- კარანტინის რეჟიმში – 5126;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.
*თავდაპირველად მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ 2 ახალი პაციენტი მარნეულიდან შეიყვანეს, მოგვიანებით კი განმარტა რომ ისინი ბოლნისიდან იყვნენ. ამიტომ სათაურში და ტექსტში ჩასწორდა შესაბამისი სიტყვა.