ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი ნარკოდამოკიდებულ პაციენტებს არაეთიკურად მოიხსენიებს

პუბლიკა

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია, ნარკოდამოკიდებულ პაციენტებს არაეთიკურად მოიხსენიებს.

გადელია facebook-პოსტში ეხმაურება „ვივამედის“ განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გადაყვანაზე, მხარდაჭერას უცხადებს კლინიკის ხელმძღვანელ ნინო ნადირაძეს და ამავე პოსტში აღნიშნავს ამასაც:

„რა არის ამაში გაუგებარი და კუდების გამოსაბმელი!!? ჩვენს კლინიკაში რიგითი ჭინჭყლი ნარკომანი პაციენტი რომ შემოდის, რომელიც ძნელად ემორჩილება კლინიკის შინაგანაწესს – ის არ მოგვწონს და ვცდილობთ რაც შეიძლება ჩქარა გავწეროთ! რატომ უნდა გინდოდეს ასეთი შარიანი პაციენტის შენთან ამდენ ხანს წოლა?“, – წერს ის.

მისი ეს facebook-სტატუსი გაშუქდა მედიაშიც.

„პუბლიკა“ განმარტებისთვის დაუკავშირდა გადელიას და მიმართა შეკითხვებით: პაციენტების ამგვარად მოხსენიება მიაჩნია თუ არა ეთიკურად და მიაჩნია თუ არა გამოსავლად არჩეული პრაქტიკა, რომ ექიმებმა და სამედიცინო დაწესებულებამ ისინი თავიდან მოიშორონ?

„რადგანაც მოვიხსენიე, ე.ი. ეთიკურად მიმაჩნია. ჭინჭყლი ნარკომანები არსებობენ… მუდმივად ითხოვენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ექთნებს და იმათ ეჩხუბებიან, აგინებენ, არ იცავენ წესებს. რამდენიმე ადამიანი გვყავს (ამ შინაგანაწესის დარღვევის გამო) დროზე ადრე გაწერილი.

ჩვენ ვართ სხვა ტიპის საავადმყოფო და არა ნარკომანიის მკურნალი. მე როცა ვმუშაობდი ფსიქიატრიულში, მაშინ სულ სხვანაირი მიდგომა იყო. მაგრამ ახლა ვარ ღია საავადმყოფოს ხელმძღვანელი… არიან ადამიანები, რომლებიც ხელითაც კი იწევენ ექთნებზე. როგორ ფიქრობთ, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, ხელით რომ გაიწევს. თუ ავადმყოფი შინაგანაწესს არღვევს… ჩვენთან მკურნალობა ნებაყოფლობითია. აქ ძალადობა კი არაა, ადამიანს შეუძლია არ იმკურნალოს“, – ამბობს გადელია.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, ასეთი დამოკიდებულების ჩვენებით, ხომ არ მიაჩნია, რომ სტიგმა ძლიერდება ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ, გადელია ამბობს:

„სულ სხვა თემაზე იყო facebook-სტატუსი. ნარკოტიკებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ კერძო კლინიკა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ყველა თავს არიდებს ამ კლინიკას  და სასწაულ მდგომარეობაშია ქალბატონი ნინო. ამ ყველაფერთან ერთად აყვედრიან, რომ ვიღაც გკარნახობს, ასე რომ იქცევიო. არავინ არ ჰკარნახობს, უბრალოდ არ აწყობთ ასეთი ამბავი“, – ამბობს გადელია.


წამალდამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ბიო-ფსიქო-სოციალური ბუნება აქვს და საჭიროებს საპასუხო ღონისძიებების ისეთი უწყვეტი ჯაჭვის შექმნას და განხორციელებას, რომელიც ერთდროულად სამივე დონის პრობლემებს უპასუხებს.

ნივთიერებაზე დამოკიდებულება შეტანილია, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავადობის საერთაშორისო ICD-11-ის კლასიფიკატორში.