„ქართული ოცნების” პარლამენტის წევრი, ლადო ბოჟაძე ირწმუნება, რომ ბათუმში 14-15 იანვრის ღამით გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმა „არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება” და რომ „ეს კონფლიქტია”.
„ძალადობა მიუღებელია და ძალადობა შობს ძალადობას”. – ამბობს ლადო ბოჟაძე.
14-15 იანვრის ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და TI-ის წარმომადგენელს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.
ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
ხოლო ექიმის თქმით, გიორგი გახარიას აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.
თავდასხმიდან მალევე სასტუმროს თანამშრომლებმა დანაშაულის ადგილი გაასუფთავეს, პოლიციამ კი მთელი სასტუმრო პოლიციის ლენტით თავდასხმიდან 3 საათის შემდეგ შემოსაზღვრა.
სამთავრობო ტელეარხმა „იმედი” თქვა, რომ მათი ინფორმაციით, დიმიტრი სამხარაძესთან ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც წყაროს ცნობით, სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა”.
შსს-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე – ძალადობის მუხლით აქვს დაწყებული.