BOG-მა რუსეთის მოქალაქეებს 300 ევროზე მეტის ღირებულების ნივთების შეძენა შეუზღუდა

პუბლიკა

„საქართველოს ბანკმა” რუსეთის მოქალაქე მომხმარებლებს მაღაზიებში ფუფუნების ნივთების შეძენა შეუზღუდა.

„საქართველოს ბანკის” ბარათებით რუსეთის მოქალაქეები მხოლოდ ისეთი პროდუქციის შეძენას შეძლებენ, რომლის ფასი 300 ევროს (დაახლოებით 930 ლარი) არ აღემატება.

„პუბლიკას” „საქართველოს ბანკში” უთხრეს, ბანკი „იცავდა და იცავს“ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს. 

რუსული მედია წერს, რომ ეს პირველი ცნობილი შემთვევაა, როცა ფუფუნების საგნების შეძენას არა ესა თუ ის მაღაზია, არამედ საბანკო ბარათის გამცემი კრძალავს.

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში საერთაშორისო საგადახდო სისტემის ბარათების გამოყენება უფრო ხშირად მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ Visa-მ და Mastercard-მა რუსული ბაზარი დატოვეს.

რუსეთის მოქალაქეებისთვის 300 ევროზე მეტი ღირებულების საქონლის მიყიდვის აკრძალვა ევროკავშირმა 2022 წელს მიიღო. მსგავსი აკრძალვები მოქმედებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

საქართველოში საბანკო ასოციაცია აერთიანებს ყველა მოქმედ კომერციულ ბანკს.

საბანკო ასოციაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ბანკები იცავდნენ და დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.