ბოიკოტს უერთდებიან და სხდომებს აღარ დაესწრებიან ქობულეთის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის წევრებიც

პუბლიკა

ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი ბოიკოტს აცხადებენ და საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან.

ისინი ამბობენ, რომ სანამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ, ბოიკოტის რეჟიმში დარჩებიან.

„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას, როცა რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და პირადად ვლადიმერ პუტინი ხელისუფლების აღსრულებით სიკვდილით სჯიან მესამე პრეზიდენტს. მაშინ, როცა ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ევროინტეგრაციის საკითხით და მიზნების მისაღწევად კონკრეტულ რეფორმებს ატარებდეს, გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”, – განაცხადეს ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბოიკოტის რეჟიმში არიან ასევე ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე პარტიის წევრებმა დატოვეს აჭარის უმაღლესი საბჭოც.

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში მეხუთე დღეა ენმ-ის სამი დეპუტატი შიმშილობს – ანი წითლიძე, დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია. პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე აბდულ ისმაილოვი გუშინ შეუძლოდ გახდა და მან ექიმების რეკომენდაციით შიმშილობა შეწყვიტა.