„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე, რომელმაც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას ამბობს, რომ იგი დასუსტებულია, თუმცა შიმშილობასთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის.
ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით გუშინ გამოთქმული პოზიცია არის სწორი, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს:
„მისი პოზიცია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით – ის იმავენაირად ფიქრობს, რომ გუშინდელი პოზიცია მისი გახლავთ სწორი, რომ მისმა ფრაქციამ, ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას, მორალურადაც და სამართლებრივადაც კარგი იქნება, დატოვოს პარლამენტი, თუმცა ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს: ის, რომ მე დღეს მასთან ვიყავი და გამოვედი, ეს არის შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ მე მაქვს საქართველოს პარლამენტის მანდატი და ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და ის ხედავს ძალიან დიდ რისკს ამაში, როდესაც თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება კომუნიკაციის გზა.
ასევე, მეორე, საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით. ეს არის – პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ – ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს ჩასატარებელი გვაქვს, გადასატანი გვაქვს ეს დღეები.
აქედან გამომდინარე, ის, რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით არც საპარლამენტო და არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ, ეს ასე იქნება. მან მადლობა გადაუხადა „ლელოს“ და თქვა, რომ ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ეკა ხერხეულიძემ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ სააკაშვილოს პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით უცვლელია, თუმცა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე კარგი იქნებოდა, თავი შეეკავებინათ დეპუტატებს მანდატების დათმობაზე. მისივე თქმით, სააკაშვილსა და გუნდს შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს: „ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლისა და უბრალოდ პატრიოტებისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში. მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ დატოვონ საკუთარ თავთან მარტო“.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვებას გეგმავენ: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნონა მამულაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ვარშალომიძე.