„ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - „ბათუმელების“ ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა

პუბლიკა

ბათუმელები/ნეტგაზეთი ავრცელებს ვიდეოს და ინფორმაციას, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

მათი ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა.

მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.

გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად.

„ბათუმელების“ ცნობით, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში. ამაღლობელმა მას დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განუცხადა.