„ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკურენტი ოპოზიციური პარტიების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოპოზიციური ამომრჩევლის და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 60%-ზე მეტი არ უჭერს მხარს ერთიან სიას.
ამასთან, მისი თქმით, კვლევის თანახმად, რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის ჯამური შედეგი ბევრად უკეთესია ე.წ. ერთიანი სიის შედეგზე.
ბოკერია ამბობს, რომ „საუკეთესო სინერგია ჰქონდა „ევროპული საქართველოს”, „ახალის” და „ლელოს” გაერთიანებას, რომელიც 2;5%-ით მეტ შედეგს დებდა, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი”.
მიუხედავად ამისა, მისი განცხადებით, ამ პარტიების წარმომადგენლებიდან მხოლოდ დუმილი ისმის.
გიგა ბოკერიამ ასევე თქვა, რომ ამავე კვლევის მიხედვით, „ევროპულ საქართველოს მზარდი რეიტინგი აქვს და სწორი კამპანიის ჩატარების შემთხვევაში, ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება.
„ამის მიუხედავად, ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე სასარგებლო და სწორი გზა არის იმ ტიპის პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც ჯამში მეტ ხმას მოუტანს ოპოზიციურ ამომრჩეველს”, – აცხადებს გოგა ბოკერია.
„ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, მისი პარტიის ხედვა არის იმ ტიპის სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც ცალსახად მთავარ ოპოზიციურ სუბიექტად იქნება წარმოჩენილი და რომელიც მკაფიოდ გაემიჯნება კეზერაშვილის და სააკაშვილის ალიანსს, საუკეთესო გზაა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.
„ჩვენ ამ კვლევის შედეგების გაცნობამდე და ამის შემდეგაც მივმართეთ საჯაროდ და არასაჯაროდაც. თუმცა, საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, მათგან მხოლოდ დუმილი. ვისმენთ მხოლოდ სატელევიზიო ზოგად განცხადებებს და პროცესი, რეალური მოლაპარაკებებისა, სადაც ბევრი რამეა სწრაფად გასარკვევი, რათა ამომრჩეველმა ნათლად დაინახოს სურათი, არსად არ მიდის. ფაქტობრივად ჩიხში არის შეყვანილი”, – თქვა გიგა ბოკერიამ.