ბოკერია შამბა-ყოლბაიაზე: მარიონეტული რეჟიმი ვერ იქნება მოლაპარაკების მხარე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია სერგეი შამბასა და ვახტანგ ყოლბაიას საუბარს ეხმაურება. მისი შეფასებით, მოლაპარაკებების დროს მარიონეტული რეჟიმი მხარე ვერ იქნება – დიალოგი შეიძლება მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის წარიმართოს.

ბოკერია ხაზს უსვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მხარეები არიან მხოლოდ საქართველო და რუსეთი.

„ეს საქართველოსთვის პრინციპული პოზიცია უნდა იყოს და ამ კონტექსტში საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარებელი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ასევე პრინციპული უნდა იყოს, რომ რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წევრები არ მოიხსენიოს, როგორც რომელიმე ცალკე აღებული სუბიექტის წარმომადგენელი. ისინი უნდა განიხილოს, როგორც რუსეთს დელეგაციის ნაწილი”. – თქვა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საპირისპიროდ იქცევა და „კვლავ რუსეთისთვის სასარგებლო ნარატივს ამკვიდრებს, რომ საქართველოს შიგნით არის „ეთნიკური კონფლიქტები“ და რომ „აფხაზები და ოსები“ კონფლიქტის მხარე არიან.”.

„ტერმინი „გამოყოფილი რეგიონები“ (Georgia’s breakaway regions – Abkhazia and South Ossetia) 90-იანი წლებიდან გამოიყენება საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, ორგანიზაციებს და პარტნიორებს ეს ტერმინები შეაცვლევინოს. ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლება თავადაც იყენებს მას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რა ზიანს აყენებს დღეს, ხვალ და მომავალში ამ რეჟიმის ნაბიჯები და დამოკიდებულება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით“. – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოსთან კონფლიქტის გადასაჭრელად საუბარია საჭირო. ინტერვიუში შამბასთან ერთად ჟურნალისტის კითხვებს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად უპასუხა.

სერგეი შამბამ თქვა, რომ „აუცილებელია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენება“.

„ჩვენს ხალხებს შორის არის კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია მრავალი ისტორიული გარემოებით, განსაკუთრებით, ომით და ამ კონფლიქტის დასაძლევად უნდა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგებისა და შემდგომი თანაცხოვრების გზები“. – განაცხადა შამბამ.