„მოქალაეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების პროცესსა და პარლამენტში შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესი და სინდისი.
„ყოველთვის გავაკეთებ იმას, რისიც მჯერა, რისიც მწამს და არის ქვეყნისთვის სასარგებლო. ხელფასის იქით არ ამიღია არასდროს არც ერთი თეთრი. თუ რამე არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მივიღებ, მთავარია, მე მჯეროდეს, მე მწამდეს და ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო არ იყოს. რა თქმა უნდა, არანაირი ფული არ ამიღია, ვინ გამიბედავს? ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს ლაპარაკს, ცოცხალი ვერ გამასწრების იქიდან“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
„მოქალაქეების“ ლიდერის განცხადებით, მაშინ, როცა ელჩების მითითების საფუძველზე, დეტალებზე არავინ საუბრობს, „ევროპული საქართველო“ მოლაპარაკების დეტალებს ასაჯაროებს. ელისაშვილი ამას „საბოტაჟს“ უწოდებს.
„მე რომ სიტყვას ვაძლევ, იმ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან; ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები.
რატომ, იცით? იმიტომ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში, ბოკერია და უგულავა. ამიტომ უნდათ, ყველაფერი არიონ და თავი მოეჭრათ ერთ ზუგდიდში, მეორეს ფოთში; წავიდა კაი ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. არ ვიცი, რა ეგონა, იქ რას მიაღწევდა… უნდათ, ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მე არ მინდა, ჩავშალო. “, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.