ბოკუჩავა 8 პარტიის წევრებს მიმართავს, ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ

პუბლიკა

ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ.

მიზეზი „ფედერალისტების” ლიდერის მიერ დღეს, 28 აგვისტოს, ერთ-ერთი მედიის ფეისბუქ-გვერდზე დაწერილი კომენტარებია.

თამარ ჩერგოლეიშვილმა მის მიმართ უარყოფითი კომენტარების ავტორებს პასუხად შეურაცხყოფა მათი ფეისბუქ-პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით მიაყენა.

მოგვიანებით მან ბოდიშიც მოიხადა და თქვა:

„აშკარაა, რომ თუ აზრის გამოხატვა მინდოდა, მეტი დრო უნდა დამეხარჯა იმის სათქმელად, რომ სანამ ადამიანს პირად ცხოვრებაში ჩაუძვრებიან მიზოგინური შხამით, ძვირფასი ადამიანები წარმოიდგინონ მათ ნაცვლად.

აზრი ეს იყო – სანამ ადამიანს რაღაცას დააბრალებ, წარმოიდგინე რომ შენთვის ძვირფას ადამიანს აბრალებენ იგივეს.

ახსნის ნაცვლად ავდექი და მოკლეზე წავედი, პირდაპირ მათივე პროფილის ფოტოები მივუბრუნე უხეშ ილუსტრაციად იმისა, რისი თქმაც მინდოდა და ამისთვის ბოდიში.

ასე აღარ მოვიქცევი – სხვანაირად ვიტყვი”. – დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

თინა ბოკუჩავამ განცხადება მასთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ რამდენიმე საათის შემდეგ გააკეთა.

„მტკიცედ მწამს, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით.

ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსგავსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით.

მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთხოებას, მათ ბედნიერებას.

ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო.

მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ”.

მოგვიანებით ჩერგოლეიშვილმა თინა ბოკუჩავას უპასუხა:

„რვიანი არ არის არც პლატფორმა, არც გაერთიანება. რვიანში ვართ პარტიები, ვინც ვთანამშრომლობთ ოქტომბრის ფარსის ბოიკოტში. ამიტომ გაუგებარია, თუ არჩევნებში არ შედიან, რვიანი როგორ უნდა დაშალონ.
მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის საქციელი – ერთი მხრივ თიკა ბოკუჩავას რვიანში ყოფნა, ხოლო მეორე მხრივ ხაბეიშვილის ფლანგის გამუდმებული თავდასხმა რვიანზე, ისედაც შეუძლებელს ხდიდა ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობას.

ამდენად, გაუგებარია ეს მუქარა რას ემსახურება – ნაცმოძრაობა დე ფაქტო ისედაც გასული იყო რვიანიდან (მაგალითად, საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბათუმის მარშში ვინაიდან ბათუმის ორგანიზაცია ბოკუჩავას არ ემორჩილება). ნაცმოძრაობა ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ, შარზე იყო და წიხლებს იქნევდა.

ამ ყველაფერზე არ ვყვიროდით იმიტომ, რომ საერთო ამოცანა არ დაგვეზიანებინა 4 ოქტომბრამდე, თორემ გაუგებარია ვინ საიდან უნდა გაირიცხოს, ან გამოირიცხოს? როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ? რა საქმესაც ვაკეთებ, იმ საქმის კეთებიდან ვინმემ როგორ უნდა გამრიცხოს? ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ახლა ჩემთვის წიხლების ქნევაც ხომ არ მოგიწევდათ?

ნუ არაფერს ვიტყვი იმაზე, რა უბადრუკად ცდილობენ ჩემი შეცდომის გამოყენებას, რომლის გამოც მოვიბოდიშე, მათი ყეყეჩი ლიდერებისგან განსხვავებით”. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.