ბოკუჩავა: დღეს გავფრინდი ბრიუსელში, EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან შესახვედრად

პუბლიკა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიუსელში გაფრინდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან შესახვედრად, რომლებიც საქართველოზე ხვალ იმსჯელებენ.

„მიტაცებული არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება დღეს ჩვენი ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ რეჟიმს მოუწევს იმ ერთადერთ დათმობაზე წამოსვლა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ – ესაა ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს პროფესიონალი, კეთილსინდისიერი საარჩევნო ადმინისტრაცია და არა თავლაფდასხმული არჩევნების ქურდი – გიორგი კალანდარიშვილი.
აქვე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ენმ-ს ცესკოს წევრს დავით კირთაძეს, რომელმაც გუშინ გულწრფელი პროტესტით მთელი ქვეყნის სათქმელი გამოხატა გიორგი კალანდარიშვილის მიმართ.
ვიბრძვით ცესკოში, ვიბრძვით საერთაშორისო ასპარეზზე, ვიბრძვით სასამართლოში და ვიბრძვით ქუჩაში“, – წერს თინა ბოკუჩავა.

მისი თქმით, დღეს, სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ აქციას ენმ მსვლელობით შეუერთდება.

„წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, დღეს პარტიული დღის წესრიგის ჭიდილი ვერ გახდება ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე გამარჯვების საფუძველი. მიმაჩნია, რომ ამ მართლაც ეროვნულ და ისტორიულ ბრძოლაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. ერთად ჩვენ შევძლებთ! ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!“, – წერს ბოკუჩავა.

საგარეო ურთიერთობათა საბჭო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, 18 ნოემბერს საქართველოს შესახებ იმსჯელებს.