თბილისის ორი ლოკაციიდან დაძრული საპროტესტო მსვლელობები გმირთა მოედანზე გაერთიანდა.
სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განცხადა, რომ პროსტესტის კულმინაცია პარლამენტის შეკრების პირველი დღე იქნება.
„კულმინაციური მომენტი ამ პროტესტის იქნება იმ დღეს, როდესაც ივანიშვილი ეცდება, შეკრიბოს არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად ფორმირებული პარლამენტი.
სავარაუდოდ, მას არ ეყოფა კეთილგონიერება იმისთვის, რომ ეს არ გააკეთოს. ამიტომ ჩვენზეა, მას არ მივცეთ უფლება, შეკრიბოს არალეგიტიმური პარლამენტი. ამ კულმინაციური მომენტისთვის ჩვენ მწყობრი მუშაობით, დაუღალავი შრომით, შეუგუებლობითა და თავდადებით აუცილებლად უნდა მოვემზადოთ და ამ დღეს მართლაც ერთ მუშტად უნდა შეიკრას მთელი ქვეყანა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს ივანიშვილმა, რომ ეს ქვეყანა თქვენია და მის გარუსებას ვერასდროს მოახერხებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ ყველა ერთად უნდა დადგეს და საზოგადოებას აჩვენოს, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.
„[საზოგადოებას] სჭირდება მტკიცე დოკუმენტი – ვაპირებთ იქ [პარლამენტში] შესვლას თუ არ ვაპირებთ?! და კონკრეტული დღე როდესაც მოვა, მე მჯერა, ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, რომ არავინ არ შევა”, – განაცხადა მელიამ.
მანამდე მსვლელობის მიმდინარეობისას მედიასთან არაერთი კომენტარი გააკეთეს ზღვარგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
„ერთიანობის“ წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, რომ ემზადებიან ორი მნიშვნელოვანი თარიღისთვის – ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების და პარლამენტის პირველი დღისთვის.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ანა დოლიძემ თქვა, რომ ოთხშაბათს ქალების აქცია ჩატარდება.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ „მოპარული არჩევნების დაბრუნების ერთ-ერთი გზა არის ქუჩა“, შესაბამისად აქციები გაგრძელდება.
მსვლელობაში მონაწილეობდნენ გახარიას პარტიის წევრებიც. თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ მათი პარტია აქციების ორგანიზებაში არ მონაწილეობს, თუმცა უერთება მათ.
დღეს ახალი არჩევნების მოთხოვნით აქციას მართავს „გირჩი“.
ხვალ, 10 ნოემბერს საინიციატივო ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება.