ბოკუჩავა: მოვითხოვთ არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას

პუბლიკა

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ კოალიცია მოითხოვს ჩატარებული არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

მისი თქმით, ის, რომ ყველა ბიულეტენებზე ტოტალურად ჩანდა ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და დარღვეული იყო ფარულობის კონსტიტუციური პრინციპი, საკმარისია ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

„ეს ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს – არჩევნების შედეგების გაუქმებას“, – განაცხადა მან.

ბოკუჩავამ ასევე მიმართა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს.

„ბატონო გიორგი, რამდენი გრამიც არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო ბიულეტენი – უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი – და შესაბამისად დარღვეული იყო უმთავრესი კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი – რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს – არა ქაღალდის სისქეზე კომიკური პოსტების წერას, არამედ არჩევნების შედეგების გაუქმებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მან ილაპარაკა არჩევნებში გამოვლენილ სხვა დარღვევებზე: ვიდეოკამერებზე საარჩევნო უბნებზე და „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული კომისიის წევრი, „რომელიც კამერასთან ერთად აღრიცხავდა და აკონტროლებდა ამომრჩევლის არჩევანს“.

თუმცა, მისი თქმით, მთავარი არგუმენტი, რომლითაც არჩევნების უფლება დაირღვა, სწორედ ფარულობის პრინციპის დარღვევაა.

„შესაბამისად, მოვითხოვთ არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფარულობის და თავისუფალი ნების პრინციპი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

საარჩევნო ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადებული წრის კვალი. შესაბამისად, ადვილი იყო იდენტიფიცირება, ვის მისცა ხმა ან მისცა თუ არა ხმა „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველმა.

„საიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ამ უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.

საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას”, – განაცხადა ორგანიზაციამ.