ბოკუჩავა: სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება.

ბოკუჩავას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება „ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია“. მისი თქმით, პასუხი უნდა იყოს ბრძოლა, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე და ერთიანობა.

„ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია რეჟიმის გუშინდელი გადაწყვეტილება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ.

ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი – ერთი, ეს არის ის, რომ 13 წლის თავზე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი, დღესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვლადიმირ პუტინის პირადი ნომერ პირველი მტერია, არა მხოლოდ საქართველოში არამედ, მთელ რეგიონში ახლა უკვე ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის გადასარჩენად.

მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა მიიქციოს დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება. თქვენ გახსოვთ აშშ-ის კონგრესში ბიძინა ივანიშვილზე საუბარი იყო, როგორც ვერშემდგარ, უნიათო დიქტატორზე და ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა, რომ ის თავად შედგა როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთს და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ყველაზე ძალიან მიკვირს, რომ ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვლაში გაატარა, ვერ აცნობიერებს, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით მისი პირადი, ისევე, როგორც ჩვენი ფინანსები დასავლეთზეა ჩამოკიდებული. ამიტომ ივანიშვილი ვერასოდეს შეძლებს, ჰქონდეს ის სამომლაპარაკებლო პოზიცია აშშ-სთან, რაც ლუკაშენკოს, ან მომავალში შესაძლოა ჰქონდეს პუტინს, როდესაც მოლაპარაკებები შედგება.

ამგვარად, ჩვენი პასუხი ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე, დიქტატურის კონსოლიდაციაზე უნდა იყოს ბრძოლა, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია. ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის, სიმართლისთვის, რომელიც ჩვენს მხარეს არის, სიმშვიდისთვის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ამ ქვეყნის დაბრუნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამარჯვება ჩვენია და გამარჯვება უდავოდ მოვა. ამისთვის აუცილებელია ერთიანი ბრძოლის გაგრძელება”, – განაცხადა ბოკუჩავამ.


12 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, „სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ის მუნიციპალური არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. იმ დროისთვის მის წინააღმდეგ 4 საქმე იყო აღძრული, საიდანაც ორზე უკვე გამამტყუნებელი განაჩენი იყო გამოტანილი. ციხეში ყოფნისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილს ამ დროისთვის განხილულ საქმეებზე გამოტანილი განაჩენების მიხედვით, 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.