„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებაზე საუბრობს.
ფრაქციის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, უმრავლესობას ვეტოს დაძლევისთვის კენჭისყრის ჩასატარებლად დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავდა.
„ძალიან ხშირად უმრავლესობას პარლამენტში კვორუმი არა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არაუფლებამოსილი სხდომების ფონზე ხდება. მათ შორის არაუფლებამოსილი სხდომის მიერ იყო მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს – საარჩევნო ადმინისტრაციას ეხებოდა. ვთვლით, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნული საკითხს შეისწავლის“, – განაცხადა მან.
ბოკუჩავას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რეგლამენტის გაცნობისკენ მიუთითა და აღნიშნა, რომ კენჭისყრასთან დაკავშირებით პრეტენზიის გამოთქმა საპარლამენტო ჯგუფის/ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია შესაბამისი პროცედურის დაცვით.
იგივე პასუხი გასცა ვეტოს დაძლევაზე შეკითხვებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 10 ივლისს.