მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სოფლები – ხატისოფელი და მუშევანი ჩაიკეტა, – ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 80 შეადგინა. ამათგან 19 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მცხოვრებელი 4 პირი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფლები: ხატისოფელი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლების ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
ხატისოფლისა და მუშევანის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ხატისოფლისა და მუშევანის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადდა ქალაქი ბოლნისი, სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.