ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსება ბათილად ცნო და დისკრიმინაციად მიიჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
სასამართლომ ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას. სასამართლო დაფინანსების ეს წესი დისკრიმინაციულად მიიჩნია.
„დღევანდელი გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი საბიუჯეტო რესურსების საჯარო მიზნებისთვის, დისკრიმინაციული მიდგომების გარეშე გამოყენების მნიშვნელობის განმტკიცებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების ცხოვრებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ დაუშვებელია, სახელმწიფომ/ადგილობრივმა თვითმმართველობამ გარკვეულ რელიგიურ ჯგუფთან პირდაპირი ასოცირება მოახდინოს და ამით დაარღვიოს დემოკრატიული სახელმწიფოს ინკლუზიური და ნეიტრალური შინაარსი. რელიგიის და რწმენის თავისუფლების დაცვა შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტი საჯარო დაფინანსების რესურსს ერთი კონკრეტული რელიგიის გაძლიერებისკენ მიმართავს, ამით ის ხაზს უსვამს ერთის უპირატესობას სხვებზე“,- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დავას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი აქტივისტის სამირა ბაირამოვას და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით 2019 წლიდან აწარმოებს.