ბოლნისში COVID-19-ის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთი სასულიერო პირია

პუბლიკა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდინფექციის ახალი 19 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის არიან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმები, სასულიერო პირი და მუნიციპალიტეტის თანამშრომელი.

„სამწუხაროდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გვაქვს მასშტაბური ზრდა დაავადების გავრცელების. ეს არის 19 დადასტურებული ფაქტი. მათ შორის, ძირითადად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კლასტერიდან ოჯახის წევრები და არამარტო. ასევე, ერთი დადასტურებული ფაქტია, ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში – ერთი ექთანის, რომელიც 10 დღის პერიოდში იყო დაკვირვების ქვეშ და ბოლო კვლევებით დაუდასტურდა.

შესაბამისად, ვიღებთ ზომებს და ბუნებრივია, ეს ზომები არის გამკაცრების. მთლიანად რეგიონში არის უკვე 70 ფაქტი, მათ შორის 9 გამოჯანმრთელება, 1 გარდაცვალება.

ჩვენ გუშინ კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის მოსახლეობა გავმიჯნეთ ბოლნისიდან, რამდენადაც ჩვენ ვხედავდით რისკებს. იქ არის დიდი გამოწვევა და დღეს ამ შედეგიდან გამომდინარე, ვიღებთ ზომებს და უკვე დაწყებულია პროცესი, ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი, ბოლნისი და რაჭისუბანი.

დაინფიცირებულებიდან 5 მედიკოსია, დანარჩენი – ოჯახის წევრები.

არის კიდევ ორი ფაქტი  და მათ შორის ერთი სასულიერო პირთან დადასტურებული შემთხვევაა. საკარანტინო რეჟიმი დიდი ხანია, დაწყებულია. იქ, სადაც მოღვაწეობს სასულიერო პირი, მრევლი არ დადის და წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ესეც გასათვალისწინებელია და ვაფრთხილებ მოსახლეობას კიდევ ერთხელ – დარჩნენ სახლებში“, – აცხადებს რეხვიაშვილი.

მისივე თქმით, ერთ-ერთი შემთხვევა მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, რომელიც დიდი ხანია, იზოლაციაში იმყოფებოდა.

რეხვიაშვილი ამბობს, რომ კონტაქტები დგინდება. ნაწილობრივ დადგენილია კიდეც და ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მოქალაქეები იყვნენ მკაცრ საკარანტინო ზონასა და თვითიზოლაციაში.

*********

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 370
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 77
  • გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 5079
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3