ბოლნისში „ძალა ერთობაშიას" შტაბი დააზიანეს

პუბლიკა

ბოლნისში „ძალა ერთობაშიას” შტაბი წითელი საღებავით შეღებეს, დააზიანეს პლაკატები და შენობაზე გააკეთეს უხამსი წარწერები, – ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები ავრცელებენ.

ისინი მომხდარში „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს ბოლნისში, გოგი მეშველიანს ადანაშაულებენ.

„კახა ოქრიაშვილის პლაკატებს ვაკრავდით და ეტყობა ამან გამოიწვია გაღიზიანება. ადგილობრივი თვითმმართველობიდანაც იყვნენ ადამიანები, მაჟორიტარობის დეპუტატიც მოვიდა, რომელსაც ეგონა, რომ ჩვენ მის პლაკატებს ვხევდით. როცა დარწმუნდა, რომ ყველანაირი კორექტურის დაცვით ვაკეთებდით ამას, შემდეგ შექმნეს რაღაცა ჯგუფები, ახალგაზრდები მოძრაობდნენ მანქანებით, დაიწყეს ამ ჩვენი გაკრული პლაკატების ჩამოყრა, ჩვენი პლაკატები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ქალაქში, შემდეგ ესეც აღარ იკმარეს, გამთენისაას უკვე ასეთი ვანდელური რამ ჩაიდინეს, შეღებეს, უხამსი და გაუგონარი… ფანტაზიაც კი არ აქვთ ამ ადამიანებს”, – აცხადებს „მთავარ არხთან” საუბრისას ნოდარ ინაძე, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” შტაბის წევრი.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კახა ოქრიაშვილის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ „ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა და არჩევნებში ერთ ბლოკად მიიღებს მონაწილეობას.