„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილს „დესტრუქციული ქმედებები აქვს დაგეგმილი“.
„ჩვენ გასული დღეების განმავლობაში საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები გავაფრთხილეთ კონკრეტული ოპოზციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების შესახებ. მათი ნაწილი უკვე დადასტურდა.
მაგალითად, საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
შეინიშნება ჩვენ მიერ მხილებული ნაცმოძრაობის „ფეიკ“ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა „პლატფორმა 2020“.
ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ არჩევნების დღეს იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვა. ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს ევროპული საქართველოდან და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, ჰქონდათ გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა.
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს კამერით აფიქსირებდა ტვ პირველის ოპერატორი, თუმცა, ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზა. ამ ფაქტის ვიდეომტკიცებულებას მოგვიანებით წარმოგიდგენთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, ამის გარდა, ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველს ფოტოებს უღებს, რაც თავისუფალი არჩევნების პრინციპს ეწინააღმდეგება. ზოგიერთ რაიონში კი, მისი თქმით, „ზონდერჯგუფების მობილიზება ხდება“.
„შეინიშნება ერთ-ერთი „ფეიკ“ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის ფოტოგადაღება, რაც თავისუფალი არჩევნების პრინციპის უხეში დარღვევაა. აგრეთვე, ფიქსირდება ამავე „ფეიკ“ ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნებში აგიტაციის აკრძალვის წესის სისტემური დარღვევა.
გარდა ამისა, კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად ბოლნისში, შეინიშნება ჩვენს მიერ წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება. პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი“, – თქვა კობახიძემ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დიმიტრი შაშკინმა „პუბლიკას“ განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის იარაღით საარჩევნო უბანთან გადაადგილდება.
შაშკინის თქმით, იარაღის ტარების უფლება აქვს, თუმცა სურათი უბანთან არ არის გადაღებული.
„მე მაქვს შსს-ს მიერ გაცემული უფლება, რომ ვატარო პირადი ტაბელური იარაღი. მე საარჩევნო უბანზე არ ვიყავი. არ მაქვს უფლება საარჩევნო უბანზე შესვლის საერთოდ, იმიტომ, რომ ვარ კანდიდატი, არცერთ კანდიდატს არ აქვს უფლება შესვლის. სურათი რომელიც ვრცელდება, მე ვჯდებოდი მანქანაში… ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რასაც აკეთებს ქართული ცონება“, – უთხრა „პუბლიკას“ შაშკინმა.