„თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ორჯერ მიიღეს უარი პარტიად რეგისტრაციაზე. მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ახალი პოლიტიკური პარტიებისა და იმ ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში „სუფთა წარსულით მოდიან“.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ რეგისტრაციაზე. ეს მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად ეშინია პრინციპულად ახალი პოლიტიკური პარტიების და იმ ახალი ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში სუფთა წარსულით მოდიან; რომლებიც არიან თავისი საქმის მცოდნეები, პროფესიონალები; და რომლებიც არიან მზად, აიღონ საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ არ ვეკუთვნით და არ ვართ დაკავშირებული არცერთ სახელისუფლებო გუნდთან. მოვდივართ სუფთა წარსულით და გვინდა, ამ ქვეყანაში შეიცვალოს არა მხოლოდ ის, თუ ვინ მართავს ქვეყანას, არამედ ასევე ის, თუ როგორ იმართება ეს ქვეყანა, როგორ კეთდება პოლიტიკა, შევცვალოთ, გავაუმჯობესოთ ის, თუ როგორ იმართება საერთოდ სახელმწიფო ამ ქვეყანაში“, – თქვა ლევან ცუცქირიძემ.
ცუცქირიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ჩაატარებენ ახალ ყრილობას და „ოცნების“ ბიუროკრატიულ-ტექნიკური ხრიკები ვერ შეუშლით ხელს, რომ ძლიერ პარტიად განვითარდნენ. მან თანამოაზრეებს მოუწოდა, დარეგისტრირდნენ დელეგატებად და მხარი დაუჭირონ პარტიას.