ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ მიერ დღეს წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატზე, მიხეილ ყაველაშვილზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყაველაშვილი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის წევრი იყო, თავისი ღირსებისა და პიროვნული თვისებების გათავლისწინებით, ის შეძლებს, რომ ზეპარტიული პრეზიდენტი გახდეს.
კობახიძემ ასევე დაამატა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, „ქვეყანას ჯანმრთელი პრეზიდენტი არ ჰყოლია“, რასაც ყაველაშვილი შეცვლის. სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას კი გვარამიას მოწოდებას გამოეხმაურა, პრეზიდენტის დაცვასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ზურაბიშვილს არ სჭირდება დაცვა, თუმცა მის ემოციურ მდგომარეობას – კი.
„შეიძლება კითხვა დაისვას, რომ მიხეილ ყაველაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში განეკუთვნებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს და როგორ შეიძლება მან ზეპარტიულად წარმართოს ახლა თავისი საქმიანობა? მე ვფიქრობ, რომ ის სწორედ რომ ზეპარტიულად შეძლებს განახორციელოს საკუთარი მისია პრეზიდენტის პოსტზე.
ამისი გარანტია არის მისი პიროვნული თვისებები, მისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ღირსება, მისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ასე გვაკლდა მთელი ამ ბოლო 20 წლის განამვლობაში.
შეიძლება პრეზიდენტი იყოს კარგი ან ცუდი, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი. მაგრამ ცოტა უხეშადაც ვიტყვი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას და არ ჰყოლია უბრალოდ პატრიოტი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ამ კუთხით რადიკალურად შეიცვლება ვითარება, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას 29 დეკემბრიდან ოფიციალურად დაიკავებს მიხეილ ყაველაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.