ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მიმართულების დირექტორმა ჟურნალისტებთან კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯამში 25 ტესტი აიღეს, რომლიდანაც 10-ზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, 15 ტესტის პასუხს კი გვიან ღამე ელოდებიან. ტესტის შედეგებზე ინფორმაციას საზოგადოება დილით მოისმენს.
მან ასევე ისაუბრა პაციენტზე, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.
„ქალბატონის ასაკს არ ვასახელებ. არის 80 წელზე მეტის და ეს ქალბატონი თავისი რისკების გამო მძიმე და სერიოზულია. მას ასაკთან ერთად მძიმე ნევროლოგიური დაავადება აქვს. ამის გამო ამ ქალბატონთან მოსალოდნელია დაავადების გართულება და შესაძლებელია ცუდი პროგნოზული გამოსავალია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება ამას გადავურჩეთ. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება/ პროგრესირება არ შეიმჩნევა, თუმცა თითოეულ მათგანთან რისკების გათვალისწინებით შეიძლება გვქონდეს გართულებები და გამოსავალიც იყოს პროგნოზულად ცუდი, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ასე არ მოხდება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, არასრულწლოვნების მდგომარეობა არ გაუარესებულა და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
“დაავადების ხანგრძლივობის გასვლას ველოდებით და 14 დღის მერე შეფასდება მათი მდგომარეობა და თუ შესაძლებელია მე 15, მე 16 დღეს მოხდება ტესტირება და თუ პასუხი ორჯერ იქნება უარყოფითი გავწერთ, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით 40 ადამიანია ინფიცირებული.