ბოლო 24 საათში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 682 შემთხვევა გამოვლინდა - შსს

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 682 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

„დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 582 ფიზიკური პირი დაჯარიმდა“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმით 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებით 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.