ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 199 ფაქტი გამოვლინდა – შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით,  ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 199 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

პოლიციამ 13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 63 მოქალაქე დააჯარიმეს. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 2 იურიდიული და 6 ფიზიკური პირი.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 20 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.