ბოლო 24 საათშიც ვიხილეთ, რომ პოლარიზაციის დონე რჩება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც სამწუხაროა - ჰარცელი

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად, საარჩევნო პროცესს საბურთალოს ოლქის მე-14 უბანზე  აკვირდება.

„დღეს არჩევნების დღეა. ეს არის განსაკუთრებული დღე ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს არის დღე, როდესაც პოლიტიკოსები, კომენტატორები, აზრის შემქმნელები უნდა დუმდნენ და ამომრჩეველი გამოთქვამდეს აზრს საარჩევნო ურნებთან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და ბოლო 24 საათშიც ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლარიზაციის დონე რჩება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც სამწუხაროა.  ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება ერთ რამეზე, ეს არის ის, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მოსვლა და ხმის მიცემა. ასე რომ, იმედი მაქვს და მჯერა, დღეს ამომრჩეველი შეძლებს ხმის მიცემას მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში. ასევე იმედი მაქვს, თქვენ, როგორც ჟურნალისტები შეძლებთ იყოთ უსაფრთხოდ და დაცულად თქვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისას“, – განაცხადა, „პირველი არხის“ ცნობით, კარლ ჰარცელმა.

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

ამომრჩეველი 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს წევრებს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.