საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის როლი ბოლო სამი წლის განმავლობაში „ფასდაუდებელი“ იყო.
ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ ამ წლების განმავლობაში მას ივანიშვილთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა „სტრატეგიულ საკითხებზე“.
„მინდა აღვნიშნო, ის, რაც უკვე თავად ბატონმა ბიძინამ თქვა თავის სიტყვაში, მე მინდა გითხრათ, რომ ფასდაუდებელი იყო მისი როლი ბოლო 3 წლის განმავლობაში.
მე პირადად, არ დამიმალავს და დასამალი არაფერი არ არის, მქონია კონსულტაციებიც, იმიტომ, რომ ისეთი რთული პერიოდები გამოვიარეთ, ისეთი რთული კრიზისები გამოიარა გუნდმა მთლიანად, რომ აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა, მე ვგულისხმობ, სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, ქვეყნის გადარჩენას და ზოგადად, სწორად ნავიგაციას, ასე ვთქვათ, ამ ტურბულენტურ სიტუაციაში.
აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ის, რომ როგორც იქნა, ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, დამყარდა უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ქართველ ხალხს მანამდე არც ერთი მმართველის დროს არ გამოუცდია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.