დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
სააკაშვილი ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მკურნალობა „იყო ბლეფი“, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაიკლო 12 კილო და ის წონა აქვს, რაც ჰქონდა შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში.
„კვირას მთლიანად დავკარგე ფეხების კონტროლი. ეს იწვევს ტკივილებს ფეხებსა და ხელებში, ამის მოხსნა მერე ხდება ტკვივილგამაყუჩებელი ნემსებით…სიტუაცია არის მძიმე, მე რაც მითხრეს ექიმებმა…
გორის ჰოსპიტალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა, იქედან უარესი მდგომარეობითღ დავბრუნდი ვიდრე მიმიყვანეს. რა თქმა უნდა, საპატიმრო საერთოდ არ არის მორგებული ამის სამკურნალოდ. ეს დღესავით ნათელია, თუმცა მადლობელი ვარ იქაური ექიმების, რაც შეუძლიათ, აკეთებენ და მადლობელი ვარ იმ ექიმის, ვინც აქ მომიყვანა. წეღანაც მდგომარეობიდან გამომიყვანა იმიტომ, რომ წამერთვა… და ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას, რომ არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც გამიკეთა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი ამბობს, რომ „ბრძოლის გაგრძელებას ბოლო ამოსუნთქვამდე აპირებს“.
„მე რაც არ უნდა მომივიდეს, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ, აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს. ვიცოდი რაზე მივდიოდი და მაინც მინდოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში საქართველო გადაგვერჩინა. როგორ გამომივიდა ეს, ამას ხალხი განსაზღვრავს და ისტორია განსჯის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.
მან სასამართლო პროცესის მსვლელობისას განაცხადა, რომ ექიმის დახმარება სჭირდებოდა. ის შემდგომ სასამართლოს დარბაზიდან გაიყვანეს. სხდომა შესვენების შემდგომ განახლდა.