ბოლო დღეებში მიმდინარე კვლევებით შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„11 თანამშრომლიდან – 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა – მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა“, – წერს შსს.

უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის შვიდ თანამშრომელი, რომელსაც Covid-19 დაუდასტურდა დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე მუშაობდა.

„ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.