ბოლო დღეებში საქართველოში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემ თემაზე - სააკაშვილი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მორიგი პროცესი მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებისას სააკაშვილმა ტრადიციულად სიტყვის უფლებით ისარგებლა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბუჩაში დიდი ტრაგედია მოხდა და ის ქედს იხრის დაღუპულთა წინაშე.

მისი თქმით, უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის, საქართველოს კი ამზადებენ კაპიტულაციისთვის ლოზუნგით – „აბა, ომი ხომ არ გინდათ?“. მისი მტკიცებით, „ომი და უბედურება“ მას მერე დაიწყება, რაც საქართველოს რუსეთს ჩააბარებენ.

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობას, რომ რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

„თუ ეს მართალია, ღმერთმა არ ქნას, რომ მართალი იყოს, მაგრამ დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია, თითოეული ამ ტანკის დეტალზე არის დათო გობეჯიშვილის, ბახვა ჩიქობავას, დათო რატიანის და უამრავი სხვა ქართველი და უკრაინელი მებრძოლის სისხლი. საქართველო არ შეიძლება, ამაში მონაწილეობდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტროს და ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადებასაც. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა გაასაჯაროვოს სია, რა არის სანქცირებული.

„თუ მართლაც საზღვარზე აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ, მაშინ უნდა იყოს ინსტრუქცია და ის ინსტრუქცია უნდა გამოქვეყნდეს, ყველამ უნდა იცოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაჯერება და არა ის, რომ ნაციონალები ამბობენ ამას, გია ლორთქიფანიძე ამბობს მითიური თუ კიდევ სხვა. ეს არის უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომელიც იმყოფება ომში, მათ შორის, ჩვენს ომში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე მიმდინარე სხდომაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ასამართლებენ იმისთვის, რომ რუსეთს არ ჩააბარა საქართველო.

„მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის ძალიან დიდმა ავტორიტეტებმა… საქართველოში ბოლო დღეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემ თემაზე, უკაცრავად, ესაა რეალობა. არსად აღარ იღებენ საქართველოს მთავრობას და აქ ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე იმიტომ კი არა რომ მე ვარ სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და არ შეიძლება ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე. ეს არ შეიძლება, ეს არის სირცხვილი… აქ პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი, მე მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს ვინც თავს ქართველად მიიჩნევს, ეს არის საუკუნოვანი სირცხვილი ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინას შორის და ის, რაც ხდება ჩემთან მიმართებაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს „რამდენიმე კვირა აქვს, რომ ეროვნული კონსოლიდაციით ჩამოიფერთხოს ეს სირცხვილი“.

„ჩვენ დროს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ. მე აქ კი არ უნდა ვიჯდე, მე ვიცი, როგორ უნდა გავზარდო ბიუჯეტი; მე ვიცი, როგორ უნდა მოვთოკოთ ინფლაცია; მე ვიცი, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები; მე ვიცი, როგორ უნდა გავზარდოთ შემოსავლები. ჩემი სტიქიაა ახალი ქალაქების აშენება, 16 მილიარდით გავზარდე ჩემს დროს ბიუჯეტი და მერე საერთოდ აღარ გაზრდილა. დღეს მე მასამართლებენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაკეთე.

აღმშენებლობის დრო სულ მალე დაბრუნდება, მაგრამ არავითარ შემთხვებვაში აღარ უნდა დავუშვათ რომ ჩვენმა მტერმა კაპიტულანტების მეშვეობით დაიკავოს ის, რაც ვერ შეძლო 2008 წელს. თუ ეს მოხდა, ქართველი ერი გაქრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.