ბოლო ერთ თვეში ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი გამოვლინდა - ISFED

პუბლიკა

არსამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წინასააარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, გასული ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი გამოვლინდა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები იყო არაერთ მაჟორიტარულ ოლქში: თელავში, გურჯაანში, საგარეჯოში, ლაგოდეხში, ხარაგაულში, აბაშაში, ფოთში, ონში, ხელვაჩაურში, ხაშურსა და თბილისში.

მაგალითად, როგორც ISFED წერს, აბაშაში, საკრებულოს აპარატის უფროსმა სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხზე ორგანიზაციის წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში დაიბარა.

ასევე აბაშაში „ქართული ოცნების“ შტაბში მიმდინარეობდა აგიტატორებთან შეხვედრა. შეხვედრაზე ISFED-ის წარმომადგენელმა საჯარო მოხელეებიც შენიშნა. შეხვედრაზე იყო ორი პირიც, რომლებსაც სიები ეჭირათ.

„დამკვირვებელმა დაადგინა, რომ ეს იყო ბაღების და სკოლების სია და ჩამოწერილი იყო სახელი გვარი და ტელეფონის ნომრები. დადგინდა, რომ ეს პირები იყვნენ მერის წარმომადგენელი სოფელ პირველი მაისში ნესტორ ძიძიგური და თემის დეპუტატი იაგო თოდუა.

მათი თქმით, ეს იყო ბაღის მოსწავლეების სიები და ამოწმებდნენ მიიღეს თუ არა 200-ლარიანი დახმარება. დამკვირვებელმა გადაამოწმა ნამდვილად იყო თუ არა ბაღის აღსაზრდელი რიტა გოგიშვილი, რომელიც სიაში პირველ ნომრად ეწერა და აღმოჩნდა, რომ ის სოფელ პირველი მაისის სკოლის დირექტორია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს იყო პედაგოგების სიები ტელეფონის ნომრებით“, – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ Facebook-ზე რამდენჯერმე გააზიარა „ქართული ოცნების“ გავრცელებული ინფორმაცია კანდიდატების დასახელების შესახებ და ამავე თემაზე მომზადებული ჟურნალისტური მასალები, მათ შორის „იმედის“ და „კვირა რეგიონალურის“ ინფორმაცია.

„ასევე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე გაზიარებულია Bidzina Ivanishvili for Georgia-სპოსტი, მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულებთან გამართული შეხვედრის შესახებ.

27 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე გაზიარდა მოქმედი მაჟორიტარისა და ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტიის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გოჩა ენუქიძის მილოცვა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით“, – წერს ISFED.

ხარაგაულში კი, ISFED-ის მიხედვით, „ოცნების“ მაჟორიტარმა პაატა კვიჟინაძემ დაუანონსებლად, დახურული შეხვედრა გამართა. ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის თქმით, შეხვედრა პარტიის აქტივისტებთან გასაცნობად დაიგეგმა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ შეხვედრაზე საჯარო მოხელეები და სკოლის დირექტორებიც დააფიქსირეს.

ასევე ხარაგაულში, მუნიციპალიტეტის საკრებულომ გააზიარა ინფორმაცია მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილისა და მაჟორიტარობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის მიღწეული შეთანხმებების შესახებ.

„საკრებულოს ფეისბუქგვერდის მიერ ინფორმაცია გაზიარებულია კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი/Koba Lursmanashvili-ის გვერდიდან“, – წერს ISFED.

ამის გარდა, ISFED-ის ანგარიშით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები არაერთხელ იმყოფებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაკეთებული პროექტების დასათვალიერებლად, მათ შორის, მმართველი გუნდის მოქმედ მაღალჩინოსნებთან ან საჯარო მოხელეებთან ერთად, რასაც თავიანთი კამპანიისთვის იყენებდნენ.

ხელვაჩაურში კი პრემიერმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ „ოცნების“ კანდიდატების წარდგენა სამუშაო საათებში ჩაატარეს, შეხვედრაზე კი ISFED-ის დამკვირვებელმა საჯარო მოხელეებიც შენიშნა.


საერთო ჯამში, ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის  – 17 ფაქტი; წინასაარჩვნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 18;  ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის – 6;  მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის – 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.


ორგანიზაცია რიგი რეკომენდაციებით მიმართავს

ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას: 

  • ხელისუფლებამ დროულად და გამჭვირვალედ გამოიძოს პოლიტიკურ აქტივისტზე ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის შემთხვევები და უზრუნველყოს მსგავის ფაქტების პრევენცია;
  • სოციალური დახმარების პროგრამების დაგეგმვისას, ხელისუფლებამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული 2 თვიანი ვადა და, წინასაარჩევნო პერიოდში ამ პროგრამების გამოცხადებით, არ შექმნას ამომრჩევლის მოსყიდვის განცდა;
  • არ დაუშვან ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების გამოყენება პარტიისა და მისი კანდიდატის აგიტაციისთვის;
  • საჯარო მოხელეებმა, სამუშაო საათებში, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან;
  • წინასაარჩევნო პროცესების ობიექტურად გაშუქებისთვის, აუცილებელია მედიასაშუალებების დაცვა ზეწოლა/მუქარისაგან და მსგავსი ფაქტების დროულად და გამჭვირვალედ გამოძიება.

პოლიტიკურ პარტიებს:

  • პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;
  • მაჟორიტარობის ოფიციალურად დასახელებულმა, ასევე სავარაუდო კანდიდატებმა თავი შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან, რათა არ დაარღვიონ კანონმდებლობის მოთხოვნები და არ შექმნან ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე გავლენის განცდა;
  • მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან;
  • არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლა/მუქარის და ფიზიკური ძალადობის განხორციელება;
  • თავი შეიკავონ მედიასაშუალებებისთვის მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისგან.

რელიგიურ ორგანიზაციებს: 

  • სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.