ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 219 სკოლა და ცალკეული 493 კლასი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი.
„სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით ვაქცინირებული სკოლის პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტება, ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.