ბოლო მონაცემებით, უმუშევრობის დონე 3.8%-ით გაიზარდა და 20.4% შეადგინა | საქსტატი

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 20.4% შეადგინა.

ამავე პერიოდში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0.5 %, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3%-ით.

უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.6%, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 1.0%.

საქსტატის მიხედვით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.5%, ხოლო კაცებში გაზრდილია 4.7 %.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. ეს მაჩვენებელი ქალებში 39.5 %, ხოლო კაცებში 62.0% შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.2 %-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.5 %.