დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, განაცხადა, რომ საქართველო, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, მსოფლიოში 100 000 მოსახლეზე ვირუსის გავრცელებით პირველ ადგილზეა, რასაც სისტემამ ხარვეზებით, მაგრამ გაუძლო.
„იმის ისტორია, რამ მიგვიყვანა აქამდე, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით, არ გვინდა. ყველამ ვიცით, თუ რა ხდებოდა წინა 2-კვირიან მონაკვეთებში. ყველაფერი, ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა, დაახლოებით ორ კვირაში გვაძლევს თავის შედეგს. შესაბამისად, ნებისმიეირი შეზღუდვა კიდევ ორ კვირაში გვაძლევს შედეგს.
ჩვენ ვნახეთ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე, რომ გაჩერდა ზრდა, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტჯერ გაფართოებისა, ზრდა ახალი შემთხვევების აღარაა. ამანვე გვაჩვენა, სხვათა შორის, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ 100 000 მოსახლეზე გავრცელებით, ჩვენმა სისტემამ გაუძლო, კი ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემამ გაუძლო, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა.
რადგან პროგნოზი იყო გაცილებით უარესი, ამიტომაც დაწესდა ეს შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან თავისი შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის“, – განაცხადა იმნაძემ.
10 დეკემბრისთვის განახლებული სტატისტიკური მონაცემები ამგვარია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 178953 , ბოლო 24 საათში – 4570
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 148332 , ბოლო 24 საათში – 3045
- მათ შორის გარდაცვლილი – 1657 , ბოლო 24 საათში – 43
- კარანტინის რეჟიმში – 1019
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6918
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 3524