ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კოვიდი მასწავლებელთა 6.5%-ს და მოსწავლეების 2.5%-ს დაუდასტურდა - სამინისტრო

პუბლიკა

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა, – ინფორმაციას ამის შესახებ განდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6.5%-ს და მოსწავლეების 2.5%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.

გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.

როგორც ცნობილია, 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირებას სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმები ატარებენ. იმ სკოლებში კი, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.