„ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლა იქნება“ - ქუთაისში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციის მორიგი აქცია ამჯერად ქალაქ ქუთაისში მიმდინარეობს.

ოპოზიციის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათთან ერთად თავიუსფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებს და ამ ბრძოლას მსოფლიოც დაინახავს,

ხატია დეკანოიძემ გამბედაობა შეუქო ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წევრ იზა ჩირგაძეს, რომელმაც 1 ნოემბერს განაცხადა, რომ „ოცნების“ წარმომადგენელმა მას არჩევნების გაყალბების სქემაში მონაწილება მოსთხოვა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც კვლავ განაცხადა, რომ იბრძოლებს ბოლომდე, თუნდაც სიცოცხლის ფასად.

„ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლა იქნება. ნიჩაბიც რომ მოიქნიო, ბიძინა ივანიშვილო, თავს შევუშვერ, ისე მაინც ვიცი, რომ უსამართლობას თვალი არ გავუსწორე, ისე მაინც მეცოდინება, რომ თქვენთან ბრძოლაში გამარჯვებით, თუნდაც, დიახაც, სიკვდილის ფასად დამიჯდეს, ჩემი შვილი იამაყებს. აი, ეს მაძლიერებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა:

„ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს იგი, მესამე პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს ისიც, დასცინის, აბუჩად იგდებს და ისტორიული უსამართლობისთვის ბოლოს მოღების ნაცვლად, დავინახეთ, რომ ელოდება, როდის მოკვდება მესამე პრეზიდენტი“, – თქვა მან.

სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს რუსთავის ციხესთანაც.

ოპოზიციამ საპროტესტო აქციები უკვე გამართა ბათუმსა და ზუგდიდში. შაბათს, 6 ნოემბერს მასშტაბური აქციაა დაგეგმილი დედაქალაქში.

ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამასთანავე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მეთვალყურეობას მოითხოვს.