„აპლიკაცია გათიშული გვაქვს და არ ვმუშაობთ პროტესტის ნიშნად“ | Bolt Food-ის კურიერების პროტესტი

პუბლიკა

დღეს, 17 მარტს მიტანის მომსახურების კომპანია Bolt Food-ის კურიერებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს. ისინი კოსტავას ქუჩიდან ბელიაშვილის ქუჩაზე, კომპანიის სათავო ოფისამდე საპროტესტო მსვლელობითაც მივიდნენ. ამის შესახებ „პუბლიკას“ მოქმედი კურიერი, ზაქარია მეტრეველი ესაუბრა.

ზაქარია მეტრეველის განმარტებით, პროტესტის მიზეზი კურიერების მომსახურების ტარიფების შემცირება და საბონუსე სისტემაა.

„ვითხოვთ საბონუსე სისტემის გადახედვას, იმიტომ, რომ არაგონივრული ბონუსია და ასევე, ვაპროტესტებთ ტარიფების შემცირებას. ფიქსირებული გადასახადი, თითო შეკვეთიდან იყო 7 ლარი და ახლა არის 4 ლარი. გადასახადის შემცირების მიზეზს კომპანია ვერ გვეუბნება. ახლა ვიყავით კომპანიის წარმომადგენელთან, ვისაუბრეთ და მოლაპარაკებებზე დავსხედით. მაგრამ, ისინი გვეუბნებიან, რომ ვერანაირ გადაწყვეტილებას აქ ვერ იღებენ, კურიერებმა უნდა მივწეროთ სათავო ოფისს, რომელიც ესტონეთშია, რომლებიც გადაწყვეტილების შესახებ შეგვატყობინებენ. ან მოგვწერეთ ჩვენ და ჩვენ მივწერთ სათავო ოფისსო. ანუ აქ ვერავინ ვერაფერს წყვეტს, ასე გვეუბნებიან. პასუხისმგებელი პირიც ვერ ვიპოვეთ სამსახურში – როგორც ისინი ამბობენ ოფისმენეჯერიც კი არ გვყვავსო“, – ამბობს ზაქარია მეტრეველი.

Bolt Food-ის კურიერი „პუბლიკასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ სათავო ოფისთან ამ ეტაპზეც დაახლოებით 40 კურიერია შეკრებილი.

„დამოკიდებული ვართ იმ პასუხზე, რა პასუხსაც მოგვცემს კომპანია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. შესაბამისად, ამის მერე დავსახავთ სამოქმედო გეგმას და გადავწყვეტთ, კიდევ გაგრძელდება თუ არა პროტესტი. არ გამოვრიცხავ, შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს. ახლა აპლიკაცია გათიშული გვაქვს და არ ვმუშაობთ პროტესტის ნიშნად“, – აღნიშნავს მეტრეველი.

„პუბლიკა“ აღნიშნულთან დაკავშირებით ცდილობს Bolt Food-ს დაუკავშირდეს. კომპანიის პასუხს გავრცელების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.